
სამოსის სტილი პატარა დეტალებისა და აქცენტების ნაზავია. ასეთი აქცენტი შეიძლება იყოს სამოსის ნებისმიერი დეტალი - აქსესუარებითა და ფეხსაცმლით დაწყებული, ქსოვილისა და ფერების ჩათვლით დამთავრებული. თანამედროვე საზოგადოებაში უამრავი განსხვავებული სტილია, რომელთა დახმარებით შეგიძლია საკუთარ იმიჯზე განუსაზღვრელი რაოდენობის ექსპერიმენტი ჩაატარო.

დღეს არსებული სამოსის სტილის კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანის სტილი შეიძლება ჩამოყალიბდეს ასაკის, სოციალური სტატუსის, პროფესიის, პირადი შეხედულებებისა და რომელიმე სუბკულტურაზე კუთვნილების მიხედვითაც კი. თუ ასაკისა და პროფესიის მიხედვით შერჩეული სტილის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა, პირადი შეხედულებების მიხედვით ათეულობით სტილია შექმნილი. მათ რიცხვშია სამოსის კონსერვატიული სტილი, მინიმალიზმი, გლამურული, ექსტრავაგანტური და ა.შ.
დღესდღეობით აქტუალური რამოდენიმე სტილის ჩამოყალიბებას კი თავად ისტორიამ შეუწყო ხელი. ასე მაგალითად, ”დენდი” - სტილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. თავის დროზე ქალურობის ნამდვილ ეტალონად იქცა ”New Look" სტილი, რომელსაც კრისტიან დიორს უნდა ვუმადლოდეთ, და სხვა მრავალი.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი - მისი პიროვნების გამომხატველი. მთავარია, სტილის შერჩევისას ვიყოთ ინდივიდუალურები და არა მიმბაძველები. სხვისგან რაიმეს გადმოტანის დროსაც კი უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ არსებული დეტალები და იდეალურად მოვირგოთ იგი.
No comments:
Post a Comment