”სამოსელი პირველი”

        ალბათ, ვერც ერთი სახელგანთქმული ბრენდი, თუნდაც, ყველაზე არაორდინარული და მხატვრული ფანტაზიის მრავალფეროვნებით გამორჩეული, ვერ შეედრება ხელოვნების იმ სამყაროს დიდებულებას, რომელშიც, 24 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე, #22-ში, სახარებისეული სახელწოდების - "სამოსელი პირველი" - ტანსაცმლის ახალგახსნილი მაღაზიის პირველი სტუმრები აღმოჩნდნენ.

          მისი შექმნის იდეა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ: ”მაღაზია განკუთვნილია ეროვნული სამოსით დაინტერესებული ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს სტუმრებისთვის.” პროდუქციას ქმნიან: მკვლევარები, მხატვრები და გამოცდილი მკერავები, რომელთა ნაშრომს საფუძვლად დაედო საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსი, სამკაულები, და სამშვენისები, ისტორიულ წყაროებში, არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ ფოტო და წერილობითი მასალები.
ესაა პირველი მაღაზია (თანამედროვე მოდის სახლების ექსკლუზიური მაღაზიებისა თუ ბუტიკების სტანდარტების შესაბამისად, მოსწყობილ-აღჭურვილი, მოქცეული დახვეწილ ინტერიერში და ამავე დროს ძალიან ტრადიციული), რომელიც მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ სამოსს სთავაზობს. 
         
        "სამოსელი პირველის" ლოგო - გაჭენებულ ცხენზე ამხედრებული, უფრო ზუსტად კი, უნაგირზე მთელი ტანით აღმართული მხედრის სილუეტი ცნობილმა მუსიკოსმა და ხელოვანმა, ნიაზ დიასამიძემ შექმნა. მას შთაგონების წყაროდ, გიორგი შენგელაიას სახელგანთქმული ფილმი "მაცი ხიტია" გამოუყენებია და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ლევან ვასაძის მიერ (ბრენდის პრეზენტაციაზე) მოხმობილი, გურულ მოჯირითეებთან დაკავშირებული ფაქტი ყოფილა.


როგორც ლევან ვასაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, ქართული მხედრული ტრადიციის ეს ულამაზესი და უძველესი ილეთი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.
      
მომავალში "სამოსელი პირველი" საზოგადოებას შესთავაზებს არა მხოლოდ ქართულ ეროვნულ, არამედ კავკასიის ხალხთა სამოსს - ჩოხა-ახალუხს, ყაბალახებსა და სხვა თავსაბურავებს, იარაღს და სხვა აქსესუარებს.
         
ამიერიდან, "სამოსელი პირველი" ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა, წინაპრების მშვენიერ გზავნილად, წარსულიდან და თანამედროვე რეალობამდე და ალბათ, მართლა დაიმკვიდრებს ადგილს აწმყოსა და მომავალში, ნებისმიერი ასაკის ადამიანის, თუ ყოფაში არა, განსაკუთრებულად საზეიმო შემთხვევებში ან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ყოველდღიურ ერთფეროვნებას გაალამაზებს.
       
  
        სამოსელი პირველი ქართული ჩოხის პოპულარიზაციას წარმოგვიდგენს სუხიშვილების, ერისიონისა და რუსთავის მოცეკვავეების მეშვეობით.
















































No comments:

Post a Comment